1.სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენისა და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ დებულებებთან ერთად, ასევე, ვრცელდება 37 3 მუხლის მე-8−მე-17 პუნქტები.
2.სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადასტურებაზე უარის თქმის ან მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას ადგენს სააგენტო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
3.განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადასტურებაზე უარის თქმის ან მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას ადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ შედგენილ მონაცემებზე დაყრდნობით.
4.სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ცალკეული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სარეგისტრაციო ბლოკის განუყოფელ ნაწილს. თითოეული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის ფორმირება წარმოებს სარეგისტრაციო ბლოკის საკადასტრო კოდიდან.
5.სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მომზადებულ საჯარო რეესტრიდან ამონაწერში, უფლების დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებთან ერთად, მიეთითება სარეგისტრაციო ბლოკის გეგმაც. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, მზადდება სარეგისტრაციო ბლოკის ერთიანი საკადასტრო რუკა, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მომზადებულ საჯარო რეესტრიდან ამონაწერთან ერთად.
6.სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოპოვებული უფლებრივი და საკადასტრო ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე შედგენილ სარეგისტრაციო ბლოკის საბოლოო გეგმას და მასში შემავალი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ მდებარეობას, საკადასტრო აღწერის შედეგების საკადასტრო რუკაზე ასახვისა და საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნების შემდეგ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადასტურებს სააგენტო ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი.

