1.სამინისტრო საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობს (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში გადასცემს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს (გარდა დევნილისა/დევნილი ოჯახისა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფილი არ არის დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით), მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს (გარდა დევნილისა/დევნილი ოჯახისა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფილი არ არის დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით), მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან დაერთვება დოკუმენტი, რომლითაც სახელმწიფოს ან/და სამინისტროს აღებული აქვს მისთვის საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება.
2.თუ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში მიღების უფლება წარმოეშობა ერთზე მეტ პირს, სამინისტროს წარედგინება განცხადება, რომელშიც გამოხატული უნდა იქნეს შესაბამისი საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში მიღების მსურველი ყველა პირის ნება ამ ფართობის თანასაკუთრებაში მიღებაზე.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი წერილობით განცხადებასთან ერთად სამინისტროს წარუდგენს: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; ბ) მემკვიდრეობის მოწმობის დამოწმებულ ასლს, თუ განმცხადებელი წარმოადგენს იმ პირის მემკვიდრეს, რომელმაც საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის ფლობის (სარგებლობის) უფლება მიიღო მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ორდერი, საბინაო კომისიის გადაწყვეტილება, სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლებიც ადასტურებენ შესაბამის საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობზე მფლობელობის (სარგებლობის) უფლებას) საფუძველზე; გ) მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) ან სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც განმცხადებელი კანონიერად ფლობს (სარგებლობს) საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) არანაკლებ სამი მეზობლის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას, რომლითაც დასტურდება განმცხადებლის მიერ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის ფლობა (სარგებლობა); ე) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ინფორმაციას საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობზე სანივთო უფლების, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ; ვ) საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის შიდა აზომვით ნახაზს, თუ ეს ფართობი მდებარეობს იმ შენობა-ნაგებობაში, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში; ზ) საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის შიდა აზომვით ნახაზს და იმ შენობა-ნაგებობის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, სადაც ეს ფართობი მდებარეობს, თუ ეს შენობა-ნაგებობა რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში; თ) საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, თუ შესაბამის საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობთან ერთად გადასაცემი შესაბამისი მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში.
4.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად მიჩნეულ შენობაში არსებული საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში გადაცემა დაიშვება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
5.განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეიძლება, გადაეცეს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემზღუდველი პირობების გაუთვალისწინებლად, თუ: ა) ამ პირის მიერ სრულყოფილად არის წარდგენილი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია; ბ) ეს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი ექვემდებარება საკუთრებაში გადაცემას ამ დებულების მიხედვით; გ) არ მიმდინარეობს დავა ამ ფართობზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით; დ) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტში არ არის მითითებული ამ ფართობზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია.
6.საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ განცხადებას განიხილავს კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7.კომისია უფლებამოსილია: ა) საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია; ბ) კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების მიზნით, მიიწვიოს დაინტერესებული პირი; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც სამინისტროში არ აქვს წარდგენილი განცხადება საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) თანასაკუთრებაში მიღებაზე, განუსაზღვროს ვადა ამ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) მისთვის თანასაკუთრებაში მიღებასთან დაკავშირებით განცხადების სამინისტროში წარდგენის მიზნით.
8.კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება: ა) უფლებამოსილი პირისათვის საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, თუ ამ პირის მიერ სრულყოფილად არის წარდგენილი ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია; საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი ექვემდებარება საკუთრებაში გადაცემას ამ დადგენილების მიხედვით; არ მიმდინარეობს დავა ამ ფართობზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით; სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტში არ არის მითითებული ამ ფართობზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია; ბ) განმცხადებლისათვის საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ, თუ ვერ კმაყოფილდება საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში გადაცემისათვის ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობები. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის დადგენილება №125 – ვებგვერდი, 29.03.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 თებერვლის დადგენილება №56 – ვებგვერდი, 08.02.2022წ.

