1.მშენებლობის ახალ ნებართვას არ საჭიროებს სამშენებლო დოკუმენტის შემდეგი ცვლილებები: ა) შენობა-ნაგებობების (გარდა ამ პუნქტის „ა 1 “ ქვეპუნქტისა) მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ძირითადი გაბარიტების უმნიშვნელო შეცვლა, მაგრამ არა უმეტეს 0.1 მეტრისა (გარდა კოლონების ჰორიზონტალური კვეთის, საყრდენი კედლის სიგანის, რიგელების ვერტიკალური კვეთის, სართულშუა გადახურვის ფილებისა და კონსოლების კვეთის სიმაღლეების ცვლილებისა), რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება; ა 1 ) ქ. თბილისში, II კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობების შემთხვევაში შენობა-ნაგებობების ინტერიერში მოქცეული მზიდი კონსტრუქციული ელემენტების შეცვლა, დამატება/მოკლება, რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერის ან/და შენობა‑ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სქემის ცვლილება; ბ) II კლასს მიკუთვნებულ ობიექტებზე თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა ყოველ 100 მ 2 -მდე ფართობზე 3.0 მ 2 სიზუსტით, III და IV კლასებს მიკუთვნებულ ობიექტებზე თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა ყოველ 200 მ 2 -მდე ფართობზე 1.0 მ 2 სიზუსტით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება; გ) სართულის სიმაღლის ცვლილება მაქსიმუმ 0.2 მეტრით (II კლასს მიკუთვნებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მაქსიმუმ 0.3 მეტრით), რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების სამშენებლო დოკუმენტით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება, ტექნიკური სართულის გადაქცევა არასრულ სართულად და არასრული სართულის გადაქცევა სრულ სართულად; დ) ექსტერიერის გაბარიტების ცვლილება არა უმეტეს 0.4 მეტრისა; ე) (ამოღებულია – 18.06.2012, №216); ვ) ინტერიერის არამზიდი და თვითმზიდი კონსტრუქციული ელემენტების გადაადგილება/შეცვლა ან/და დამატება/მოკლება; ზ) შენობა - ნაგებობების ცალკეული ლოკალური საინჟინრო - კომუნალური სისტემების შეცვლა, დამატება ან მოკლება; თ) სამშენებლო მასალებისა და პროდუქციის შეცვლა შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სხვა სამშენებლო მასალებითა და პროდუქციით; ი) შენობა-ნაგებობების ისეთი ნაწილების გადაადგილება/შეცვლა, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას; კ) შენობა-ნაგებობის მიწისპირა ან/და მიწისქვეშა ნაწილის ჰორიზონტალური გადაადგილება გრუნტის ზედაპირთან მიმართებაში არა უმეტეს 1.0 მეტრისა; ლ) შენობა - ნაგებობის ნულოვანი ნიშნულის ვერტიკალური ცვლილება აბსოლუტურ ნულთან მიმართებაში არა უმეტეს 0.4 მეტრისა, რამაც არ უნდა გამოიწვიოს მიწისქვეშა სართულის მიწისპირა ან მიწისზედა სართულად გადაქცევა; მ) გრუნტის თვისებებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის საძირკვლის (წერტილოვანი, ლენტური და მონოლითური ფილის შემთხვევაში) დამატებითი ჩაღრმავება არა უმეტეს 0.5 მეტრისა; ნ) გრუნტის თვისებებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის ხიმინჯებიანი საძირკვლის დამატებითი ან ნაკლები ჩაღრმავება გრუნტის მყარ ნაწილამდე; ო) ნაგებობის ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების, მასალების, ნაკეთობების, აგრეთვე საინჟინრო სისტემების შეცვლა, რაც არ იწვევს (ნაგებობის გაბარიტების ცვლილების მიუხედავად) საანგარიშო დატვირთვების ან/და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას; პ) (ამოღებულია - 21.03.2019, №142); ჟ) (ამოღებულია - 21.03.2019, №142).
2.მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებში ამ მუხლით განსაზღვრული შეტანილი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს სხვა სანებართვო პირობებს და არ უნდა ლახავდეს მესამე პირთა უფლებებს.
3.სამშენებლო დოკუმენტში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია შეცვლილი საპროექტო დოკუმენტაცია და სათანადო საექსპერტო დასკვნა წარუდგინოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს ცვლილების დადასტურების/შეთანხმების მიზნით. მშენებლობის ნებართვის გამცემის მიერ სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ცვლილების დადასტურება ხდება წერილობითი ფორმით. კორექტირებული პროექტი, საექსპერტო დასკვნა და შეთანხმების წერილი მშენებლობის ნებართვის განუყოფელი ნაწილია და უნდა დაერთოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ სამშენებლო დოკუმენტის ყველა ეგზემპლარს.
4.სამშენებლო დოკუმენტში ამ მუხლის პირველი პუნქტით ( გარდა ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) განსაზღვრული ცვლილებები შენობა‑ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურის დროს წარმოადგენს დასაშვებ ცვლილებებს და მათი დადასტურება ხდება ამ დადგენილების 97- ე მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული წესით. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 მარტის დადგენილება №100-სსმ III, №33, 31.03.2010წ; მუხ.542 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №280-სსმ III, № 118,16.09.2010წ; მუხ1751 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილება №27- ვებგვერდი, 11.02.2013წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 მარტის დადგენილება №142 - ვებგვერდი, 29.03.2019წ.



