1.სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით.
2.ამ ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართით დადგენილი სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა უნდა მოიცავდეს არანაკლებ ამ წესით განსაზღვრულ მონაცემებს, თუმცა დამსაქმებელი უფლებამოსილია, მიუთითოს სხვა დამატებითი ინფორმაცია ან აღრიცხოს სამუშაო დრო ნებისმიერი სხვა ფორმით ამ წესით დადგენილი მინიმალური მონაცემების გათვალისწინებით.
2¹.იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო სივრცეში დასაქმებულთა დაშვება წარმოებს დაშვების ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულის სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაო სივრცის დატოვების ინდივიდუალურ აღრიცხვას და შესაბამისი მონაცემების შენახვას, დამსაქმებელი უფლებამოსილია სამუშაო დროის აღრიცხვა აწარმოოს ამ ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართისაგან განსხვავებული ფორმით, იმ პირობით რომ მასში სრულად იქნება ასახული ამ წესის მე-5 მუხლით მოთხოვნილი მონაცემები.
3.სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში ინფორმაცია აისახება ერთჯერადად, ყოველი თვის ბოლოს ან/და პერიოდულად, მთელი თვის განმავლობაში.
4.სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დახურვის თარიღი დგინდება დამსაქმებლის მიერ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 10 რიცხვისა, გარდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის სამუშაო დროის აღრიცხვისა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მინიმალური საათობრივი ანაზღაურება. მინიმალური საათობრივი ანაზღაურების მიმღები სამედიცინო პერსონალის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დახურვის თარიღი განისაზღვრება არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 25 რიცხვისა.
5.(ამოღებულია - 08.11.2022, №01-89/ნ). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №01-89/ნ - ვებგვერდი, 08.11.2022წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 28 აპრილის ბრძანება №27/ნ - ვებგვერდი, 28.04.2023წ.

