1.უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად სამსახურს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი – საკითხის სათანადო გამოკვლევა და შესწავლა.
2.მონიტორინგის დაწყების საფუძველია: ა) სამსახურის გადაწყვეტილება; ბ) სამსახურისთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას.
3.მონიტორინგის განსახორციელებლად სამსახურს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც სამსახური მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.
4.ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ 6 თვეში ერთხელ.
5.თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სამსახური აღნიშნულ სუბიექტს არეგისტრირებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია ამ სუბიექტს არ ათავისუფლებს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეავსოს და სამსახურს წარუდგინოს განაცხადი.
6.მონიტორინგის წესს ადგენს გენერალური აუდიტორი. საქართველოს 2026 წლის 14 აპრილის კანონი №1490 – ვებგვერდი, 16.04.2026წ.
