1.საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს: ა) საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი; ბ) საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას.
2.განცხადებას უნდა დაერთოს ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან ამონაწერი პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით და საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლის ყოლის დამადასტურებელი საბუთი (ასეთი წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში).
3.განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის: ა) სახელი, რომელიც მიეთითება საარჩევნო ბიულეტენში. ეს სახელი უნდა შეესატყვისებოდეს პარტიის წესდებაში აღნიშნულ სახელწოდებას ან/და მის შემოკლებულ დასახელებას. ამასთანავე, განცხადებაში პარტიის სახელი შეიძლება აღინიშნოს ისე, რომ პარტიის წესდებაში აღნიშნული სახელწოდებიდან ან/და მისი შემოკლებული დასახელებიდან ამოღებულ იქნეს ცალკეული სიტყვები, აბრევიატურები ან/და სასვენი ნიშნები სხვა სიტყვების, აბრევიატურების ან/და სასვენი ნიშნების დამატების გარეშე. სახელი, რომლითაც პარტია დარეგისტრირდა, საარჩევნო ბიულეტენში უცვლელად მიეთითება; ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერის ნიმუში; გ) წარმომადგენლის (წარმომადგენლების) გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი; დ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პარტიის სახელწოდება და მისი შემოკლებული დასახელება არ უნდა ემთხვეოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ დასახელებას (თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, პარტიას არა აქვს აღნიშნული სახელწოდებისა და მისი შემოკლებული დასახელების გამოყენების უფლება).
5.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცესკოს სათანადო სამსახური განცხადების მიღებისთანავე პარტიის წარმომადგენელს აძლევს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და არაუგვიანეს განცხადების ცესკოში შეტანის მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.
6.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამავე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს თავმჯდომარე: ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. პარტიის წარმომადგენელს განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადება და საბუთები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 2 დღის ვადაში. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. საწინააღმდეგო შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
8.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამავე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა ცესკოს თავმჯდომარე წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. შესწორებული განცხადება და საბუთები ცესკოს 3 დღის ვადაში უნდა დაუბრუნდეს.
9.პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. პარტიის მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური პარტიის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.
10.თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სიები წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე ცესკოს სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 42-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. საწინააღმდეგო შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
11.არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების სიას განცხადებების წარდგენის რიგითობის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.
12.პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე; ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში; გ) თუ პარტიამ არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა; დ) თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა პარტიის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა.

