დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტექნიკური რეგლამენტი − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესი 1. სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას საწყისი სავარაუდო ფასის, ასევე ფაქტობრივი ხარჯების გამოთვლისთვის გამოიყენება „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ 2013 წლის 7 მარტის №50 და „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ 2014 წლის 14 იანვრის №52 საქართველოს მთავრობის დადგენილებები. სამშენებლო სამუშაოების ღირებულების დასადგენად სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში საერთო სამშენებლო სამუშაოებზე გეგმური მოგების, ზედნადები ხარჯების და სხვა დანარიცხების წესი განისაზღვროს დანართის მიხედვით.
2.ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში „ტექნიკური რეგლამენტის – სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის“ (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი) დანართით გათვალისწინებული გეგმური მოგების, ზედნადები ხარჯებისა და სხვა დანარიცხების ზღვრული ნორმები სავალდებულოა შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საწყისი სავარაუდო ფასის განსაზღვრისათვის. ამასთან, პრეტენდენტი/ მიმწოდებელი ვალდებულია, ხარჯთაღრიცხვის შედგენისას, მათ შორის, ერთდროულად სამშენებლო სამუშაოსა და საპროექტო მომსახურების (Design-build) შესყიდვისას, იხელმძღვანელოს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი პუნქტით და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობებით, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.სახელმწიფო შესყიდვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებისას, პრეტენდენტი/ მიმწოდებელი არ არის ვალდებული, ხარჯთაღრიცხვაში გამიჯნულად წარადგინოს ამ დადგენილებით და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გეგმური მოგების, ზედნადები ხარჯების და სხვა დანარიცხების (გარდა გაუთვალისწინებელი ხარჯებისა) ზღვრული ნორმები. ასეთ შემთხვევაში, გეგმური მოგება, ზედნადები ხარჯები და სხვა დანარიცხები (გარდა გაუთვალისწინებელი ხარჯებისა) გაითვალისწინება ერთეულის ღირებულებაში.
4.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის სფეროში სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დაწესებულებას/პირს პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ წარედგინება რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. აღნიშნული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობის შეფასება საქართველოს კანონმდებლობით სამოქმედოდ დაშვებულ სამშენებლო ნორმებსა და წესებში გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ხორციელდება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილების შესაბამისად.
5.სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვისას, როდესაც ერთდროულად შეისყიდება სამშენებლო სამუშაო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურება (Design-build), მიმწოდებელი ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს ამ დადგენილებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გეგმური მოგების, ზედნადები ხარჯებისა და სხვა დანარიცხების ზღვრული ნორმების დაცვით, რესურსული მეთოდით შედგენილ ხარჯთაღრიცხვას. ამასთან, ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე ანგარიშსწორება და სამუშაოების მიღება-ჩაბარება შესაძლებელია განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესაბამისი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ღირებულების მიხედვით, სადაც გამიჯნულად არ არის წარმოდგენილი გეგმური მოგება, ზედნადები ხარჯები და სხვა დანარიცხები (გარდა გაუთვალისწინებელი ხარჯებისა).
6.სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვისას: ა) შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების ფარგლებში, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული ხელშეკრულებისათვის/შესყიდვისათვის დადგენილი გამონაკლისების შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელი გათავისუფლებულია ხარჯთაღრიცხვის წარდგენის ვალდებულებისაგან, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ზედნადები ხარჯები, გეგმური მოგება და სხვა დანარიცხები ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებს (პირდაპირ დანახარჯებს) უნდა დაერიცხოს მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში, ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი პუნქტის გათვალისწინებით; ბ) სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ დაქირავებული სამშენებლო მანქანა-მექანიზმებისა და ინვენტარის ქირავნობის ღირებულება, შესრულებული სამუშაოების აქტში გათვალისწინებული უნდა იყოს ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების დარიცხვის გარეშე; გ) იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო კომპანიის მიერ, დანართის №2 ცხრილის პირველ და მე-2 გრაფებში მოცემული სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად, დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენა ხორციელდება უშუალოდ მწარმოებლისგან, შემდგომი მიწოდებით უშუალოდ სამშენებლო მოედანზე (საშუამავლო კომპანიის გარეშე), მათ თვითღირებულებას შესრულებული სამუშაოების აქტში დაერიცხება გეგმური მოგება.
7.ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის მიერ იმ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებულ შესყიდვაზე, რომელთა ღირებულება არ აღემატება 60 000 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის ღირებულება არ აღემატება 60 000 ლარს, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების მიხედვით.
8.ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის მიერ იმ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებულ შესყიდვაზე, რომლებიც გაფორმებულია „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის ფარგლებში. ამ შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების მიხედვით.
9.ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებულ შესყიდვაზე, რომელიც ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის (GEO) საშუალებით „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, „ავარიული სახლების ჩანაცვლების“ პროგრამის ფარგლებში, ამავე წესით განსაზღვრული პროექტის განმახორციელებლის მიერ. ამ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების მიხედვით.

