1.სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ან მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმის განხილვისას ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა აღნიშნული მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ბრალეული ჩადენა, მაგრამ დარღვევის მცირე მნიშვნელობის ან ბრალის უმნიშვნელო ხარისხის გამო ან სხვა მოტივით (საკითხის დელიკატურობის გამო ან სხვა მიზეზით, მოსამართლის პიროვნების გათვალისწინებით) სადისციპლინო კოლეგია მიზანშეუწონლად თვლის მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას და საკმარისად მიაჩნია მისთვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა.
2.კერძო სარეკომენდაციო ბარათი არის დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი მოსამართლისადმი სადისციპლინო კოლეგიის წერილი, რომელშიც ამ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი უარყოფითად არის შეფასებული. კერძო სარეკომენდაციო ბარათში ასევე მოცემულია სადისციპლინო კოლეგიის რეკომენდაცია დარღვევის აღმოფხვრის, მოსამართლის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და პრობლემების გადაჭრის გზებისა და საშუალებების შესახებ.
3.კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი კონფიდენციალურია. კერძო სარეკომენდაციო ბარათი ეგზავნება მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ მოსამართლეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს. საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორი ვალდებულია ხელი მოაწეროს კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსის გაუმჟღავნებლობის შესახებ ხელწერილს. კერძო სარეკომენდაციო ბარათის ასლის სხვა ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის გაგზავნა დაუშვებელია. კერძო სარეკომენდაციო ბარათის ასლი დალუქული პაკეტის სახით თან ერთვის დისციპლინურ საქმეს. ამ პაკეტის გახსნა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში დისციპლინური საქმის სადისციპლინო კოლეგიაში განხილვის დროს. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
