1.აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.
2.ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს თავის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.
2¹.პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.
3.ამ მუხლის მე-2 და 2 1 ნაწილებით გათვალისწინებულ პირებთან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.
4.ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრა ხორციელდება მისი თანხმობის შემთხვევაში.
5.ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ინფორმაცია მიეწოდება წერილობით. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირი პენიტენციური დაწესებულების დირექტორს წარუდგენს ახლო ნათესაობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
6.პენიტენციური დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული.
7.ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7¹.ქალ მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს საოჯახო პაემნის უფლება ამ კოდექსის 17 3 მუხლის შესაბამისად.
8.მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანგრძლივი პაემნის უფლება ამ კოდექსის 17 2 მუხლის შესაბამისად.
9.(ამოღებულია).
10.ბრალდებული სარგებლობს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
11.ბრალდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება ხანმოკლე პაემანი შეეცვალოს სატელეფონო საუბრით. ხანმოკლე პაემნის შეცვლის წესი განისაზღვრება პატიმრობის დაწესებულების დებულებით.
12.მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება შეეცვალოს ხანმოკლე პაემნით, ხოლო ხანმოკლე პაემანი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება – სატელეფონო საუბრით. პაემნების შეცვლის წესი განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით.
13.ბრალდებულს / მსჯავრდებულს , რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა , უფლება აქვს , შეუზღუდავად შეხვდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელს ან იმ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს , რომელიც საქართველოში ითავსებს მისი ქვეყნის ინტერესების დაცვას . უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულებს / მსჯავრდებულებს უფლება აქვთ , ჰქონდეთ ურთიერთობები თავიანთი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან . იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს , რომლებსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები არ აქვთ , უფლება აქვთ , ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან , რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მათი ინტერესების დაცვა , ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან , რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ .
14.ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ კოდექსით განსაზღვრული რაოდენობის პაემნების გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს აგრეთვე იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.
15.ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობის წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი . საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4259 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6257 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 - ვებგვერდი, 22.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2241 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

