1.მსჯავრდებულის მიერ ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის დადგენილი რეჟიმის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ბ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (მშობლის, მშვილებლის, მინდობით აღმზრდელის, შვილის, ნაშვილების, მინდობით აღსაზრდელის, პაპის, ბებიის, შვილიშვილის, დის, ძმის, მეუღლის (მათ შორის, განქორწინებული მეუღლის)) ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება; გ) მსჯავრდებულის სამსახურებრივ ან პროფესიულ, ანდა სპორტულ, კულტურულ ან საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინება, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი; დ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი; ე) მსჯავრდებულისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, მსჯავრდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ ყოფნის დროს დაპატიმრება, მსჯავრდებულის მონაწილეობა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო მოქმედებებში ან/და საგამოძიებო მოქმედებებში, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოების „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი; ვ) მსჯავრდებულის სარეზერვო სამხედრო სამსახურში ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც წარედგინება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევამდე.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სათანადო გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტს მსჯავრდებული შესაბამის პრობაციის ბიუროს წარუდგენს პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ საჩივრის განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი ვადისა.
3.პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი არ ადგენს ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოქმს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოება დადასტურებულია წინმსწრებად − მსჯავრდებულის მიერ ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევამდე.
4.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების გარდა, ისეთი ობიექტური გარემოების არსებობისას, რომლის გამოც მსჯავრდებულმა ვერ შეძლო კანონით დადგენილი რეჟიმის შესრულება, მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის საპატიოდ ჩათვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №757 - ვებგვერდი, 24.05.2017წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3513 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

