1.ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მოსათავსებლად აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, ბრალდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით და დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.
2.ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას აუცილებელია მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი, სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში.
3.ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათს პენიტენციური დაწესებულება უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან განყოფილებას დაქტილოსკოპირების ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.
4.პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული და მისი პირადი ნივთები საგულდაგულოდ მოწმდება, რის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი. ბრალდებულის შემოწმებას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი.
5.პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. მას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების ექიმი. ბრალდებულის სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში პატიმრობის დაწესებულების ექიმი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
6.პატიმრობის დაწესებულების უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ აცნობს ბრალდებულს მის უფლებებსა და მოვალეობებს მისთვის გასაგებ ენაზე.
7.პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულის მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა ინფორმაცია ბრალდებულის შესახებ იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბიუროში. საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2241 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5392 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

