1.მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას“.
2.მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახისა და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლებისა და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე ინფორმაციას მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, განახლებისა და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.
3.მონაცემთა ბაზა გამოიყენება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე სოციალური დახმარების უზრუნველმყოფი სხვა ორგანიზაციების მიერ სოციალური დახმარების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის სწრაფი მოძიებისა და სოციალური დახმარების პროგრამების მონაწილეთა შერჩევისათვის.
4.მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.
5.ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულად ითვლება, თუ მას მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა.
5¹.ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეუწყდება ოჯახის გარდაცვლილ წევრს, აგრეთვე ოჯახის იმ წევრს, რომელსაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ დაუფიქსირდება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ − „ბ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი სტატუსი ან რომელიც ამავე წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირთა წრეს აღარ მიეკუთვნება.
5².ამ მუხლის 5 1 პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ ოჯახზეც, რომელიც სარგებლობს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 9 3 მუხლით ან „პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის №186 დადგენილებით განსაზღვრული საშეღავათო პირობებით.
6.სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად და საჭირო პროცედურების გასატარებლად გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვადები.
7.ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს: ა) ოჯახის წევრის განცხადების წარდგენის შემთხვევაში; ბ) ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ყალბი და/ან არასწორი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში; გ) (ამოღებულია - 23.10.2023, №419). დ) (ამოღებულია - 07.05.2026, №182). ე) ოჯახის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში; ვ) (ამოღებულია - 08.09.2026, №439); ვ 1 ) თუ ოჯახისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება 200 000-ს (თუ ოჯახის წევრს აქვს „მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №517 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური შეღავათით სარგებლობის უფლება − 300 000-ს) და, ამ წესის შესაბამისად, სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში არ მიუმართავს სააგენტოსთვის განმეორებითი შეფასების ან მონაცემების კორექტირების თაობაზე; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 7 1 . ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და 7 2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველი არ ვრცელდება იმ ოჯახზე, რომელიც სარგებლობს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 9 3 მუხლით ან „პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის №186 დადგენილებით განსაზღვრული საშეღავათო პირობებით.
7².თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე.
8.მონაცემთა ბაზის ფორმირებასთან და/ან ადმინისტრირებასთან დაკავშირებით წარმოებული დოკუმენტები ინახება არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტების შენახვის (ან დაარქივების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
9.სააგენტოს მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად, გაცემულ ამონაწერს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დოკუმენტ(ებ)ს, რომლის საფუძველზეც გაკეთდა ჩანაწერი მონაცემთა ბაზაში. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №389 - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის დადგენილება №270 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №672 - ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №419 - ვებგვერდი, 24.10.2023წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 მაისის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 08.05.2026წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №439 - ვებგვერდი, 10.09.2026წ.

