სტატიებზე დაბრუნება
თემის გზა
წაიკითხეთ:EnglishРусский
Legal.Ge ამბები

ვისია შენი იდეა, როცა სამსახურში ხარ?

ვისია შენი იდეა, როცა სამსახურში ხარ?

1.⁠ ⁠შესავალი

როდესაც დასაქმებული სამუშაო საათებში პროგრამულ კოდს წერს, ლოგოს ხატავს ან ანალიტიკურ სტატიას ამზადებს, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ვის ეკუთვნის შექმნილი შედეგი: მას, ვინც ის შექმნა, თუ მას, ვინც ამ შრომაში ხელფასი გადაიხადა. იგივე კითხვა კიდევ უფრო მწვავედ დგას დამოუკიდებელი შემსრულებლის, ანუ ფრილანსერის, შემთხვევაში, რომელიც კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში არ იმყოფება და მხოლოდ კონკრეტულ შეკვეთას ასრულებს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სათაურში დასმული კითხვა ზუსტად ფორმულირებული არ არის, რადგან ქართული კანონის თანახმად, საავტორო უფლება საერთოდ არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, კონცეფციებსა და პრინციპებზე, მაშინაც კი, თუ ისინი ნაწარმოებშია გამოხატული. მაშასადამე, დავის საგანი არასოდეს არის თავად იდეა, დავა ყოველთვის ეხება მის კონკრეტულ გამოხატულებას, ანუ ტექსტს, ნახატს, კოდს ან დიზაინს.

ეს საკითხი პრაქტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ქართულმა კანონმდებელმა მასზე პასუხი თერთმეტი წლის განმავლობაში სამჯერ შეცვალა: 1999 წელს საავტორო უფლება ავტორს ეკუთვნოდა,[1]2005 წელს ქონებრივი უფლებები კვლავ ავტორს დარჩა, თუმცა კომპიუტერულ პროგრამებზე ისინი დამსაქმებელს გადაეცა,[2] ხოლო 2010 წლიდან ქონებრივი უფლებები, როგორც წესი, დამსაქმებელს ან შემკვეთს ეკუთვნის.[3] გარდა ამისა, ხშირად გაიგონებთ, რომ ამერიკული მიდგომა ქართულის საპირისპიროა. ქვემოთ ნაჩვენებია, რომ ეს მოსაზრება მხოლოდ ნაწილობრივ არის მართებული: დასაქმებულის მიმართ ამერიკული სამართალი დამსაქმებლისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ქართული, ხოლო დამოუკიდებელი შემსრულებლის მიმართ ის მართლაც საპირისპირო გზას ირჩევს. ანგარიშში თანმიმდევრულად განხილულია მოქმედი ქართული წესი, მისი ისტორია, ამერიკული მოდელი და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, შემდეგ კი წარმოდგენილია შედარებითი ანალიზი და რეკომენდაციები.

2.⁠ ⁠როგორ არის დღეს საქართველოში

2.1. ძირითადი წესი: მე-16 მუხლის პირველი პუნქტი

მოქმედი კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ასე იკითხება: „ქონებრივი უფლებები დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებასთან (სამსახურებრივი ნაწარმოები), ეკუთვნის შესაბამისად დამსაქმებელს ან შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“ ამ ნორმაში სამი ელემენტი გამოირჩევა. პირველი ელემენტი შემქმნელის სტატუსს ეხება: ნორმა თანაბრად მოიცავს დასაქმებულსაც და შეკვეთის მიმღებსაც. მეორე ელემენტი კავშირის კრიტერიუმია: ნაწარმოები უნდა იყოს „დაკავშირებული“ სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებასთან. მესამე ელემენტი შედეგია: ქონებრივი უფლებები დამსაქმებელს ან შემკვეთს ეკუთვნის, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ მხარეებს ხელშეკრულებით სხვა რამ არ შეუთანხმებიათ. ამრიგად, ნორმა დისპოზიციურია: იგი ადგენს წესს, რომელიც მოქმედებს მანამ, სანამ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია ის, რასაც ნორმა არ ამბობს. კანონის თანახმად, ავტორი არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. მე-16 მუხლი დამსაქმებელს ავტორად არ აქცევს; ის მას მხოლოდ ქონებრივ უფლებებს ანიჭებს. შესაბამისად, დამსაქმებელი მიეკუთვნება იმ პირთა რიცხვს, რომლებსაც კანონი „საავტორო უფლების სხვა მფლობელს“ უწოდებს,[3] ხოლო ავტორად კვლავ ის ადამიანი რჩება, ვინც ნაწარმოები შექმნა. სწორედ ეს განსხვავება, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ქართულ და ამერიკულ მოდელებს შორის მთავარ ზღვარს ქმნის.

2.2. რას იღებს დამსაქმებელი

მე-16 მუხლი არ შეიცავს უფლებების ჩამონათვალს და მხოლოდ ზოგადად მიუთითებს „ქონებრივ უფლებებზე“. ვინაიდან ეს ცნება ნორმაში არანაირად შეზღუდული არ არის და დამსაქმებელს მე-18 მუხლით გათვალისწინებული ყველა ქონებრივი უფლება გადაეცემა. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, ხოლო მეორე პუნქტი განმარტავს, რომ ეს არის უფლება, „განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს“ ქვემოთ ჩამოთვლილი მოქმედებები: რეპროდუცირების, გავრცელების, თარგნის, იმპორტის, საჯარო ჩვენების, საჯარო შესრულების, საჯარო გადაცემის, გადამუშავების, გაქირავებისა და სხვაგვარი გამოყენების უფლება.

დამსაქმებელს ორი სპეციალური უფლებამოსილება უშუალოდ მე-16 მუხლიდან გამომდინარეობს. პირველი, მას უფლება აქვს, სამსახურებრივი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი (დასახელება) ან მოითხოვოს ასეთი მითითება. მეორე, კანონი ადგენს, რომ სამსახურებრივი ნაწარმოების გამოყენებისას საავტორო გასამრჯელოს (ჰონორარის) ოდენობა და გადახდის წესი „შეიძლება განისაზღვროს“ ავტორსა და დამსაქმებელს შორის ხელშეკრულებით. სიტყვა „შეიძლება“ აქ გადამწყვეტია: კანონი დასაქმებულ ავტორს ხელფასის გარდა დამატებითი ანაზღაურების უფლებას არ ანიჭებს და ამ საკითხს მთლიანად მხარეთა შეთანხმებას ანდობს.

2.3. რა რჩება ავტორს

ქონებრივი უფლებების გადასვლის მიუხედავად, ავტორს რჩება პირადი არაქონებრივი უფლებები, რომლებსაც კანონის მე-17 მუხლი შემდეგნაირად ჩამოთვლის:

•        ავტორობის უფლება, უფლება, აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს სახელის მითითება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე და ნებისმიერი სახით გამოყენებისას;

•        სახელის უფლება, უფლება, სახელის ნაცვლად მიუთითოს ფსევდონიმი ან საერთოდ უარი თქვას სახელის აღნიშვნაზე;

•        უფლება, გადაწყვიტოს, როდის, სად და რა ფორმით გახადოს ცნობილი ნაწარმოების შექმნის ფაქტი;

•        ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება, უფლება, ნება დართოს სხვებს, შეიტანონ ცვლილებები ნაწარმოებში, მის სათაურსა და ავტორის სახელში, და წინ აღუდგეს ცვლილებების შეტანას მისი თანხმობის გარეშე;

•        რეპუტაციის პატივისცემის უფლება, უფლება, დაიცვას ნაწარმოები ისეთი დამახინჯებისგან ან ხელყოფისგან, რომელმაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია;

•        უფლება, ნება დართოს სხვებს, ნაწარმოებს დაურთონ სხვა ავტორთა ნაწარმოებები, მაგალითად, ილუსტრაცია, წინასიტყვაობა ან კომენტარი;

•        ნაწარმოების გამოხმობის უფლება, რომელიც, კანონის პირდაპირი მითითებით, სამსახურებრივ ნაწარმოებზე არ ვრცელდება.

ამ უფლებების სამართლებრივი ბუნება კანონში მკაფიოდ არის განსაზღვრული. პირადი არაქონებრივი უფლებები ავტორს ქონებრივი უფლებებისგან დამოუკიდებლად ეკუთვნის და მათი დათმობის შემთხვევაშიც უნარჩუნდება.

2.4. რამდენ ხანს გრძელდება დამსაქმებლის უფლება

საავტორო უფლება ნაწარმოების შექმნისთანავე წარმოიშობა და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში, ხოლო ვადის ათვლა იწყება იმ წლის მომდევნო წლის 1 იანვრიდან, როდესაც შესაბამისი იურიდიული ფაქტი დადგა. კანონის 32-ე მუხლი სპეციალურ ვადებს ადგენს ფსევდონიმური და ანონიმური, თანაავტორობით შექმნილი და აუდიოვიზუალური ნაწარმოებებისთვის, თუმცა სამსახურებრივი ნაწარმოებისთვის ცალკე ვადას არ ითვალისწინებს. შედეგი საინტერესოა: მიუხედავად იმისა, რომ ქონებრივი უფლებები კომპანიას ეკუთვნის, მათი ხანგრძლივობა იმ ადამიანის სიცოცხლეზეა მიბმული, ვინც ნაწარმოები შექმნა. ეს არის ქართული მოდელის ლოგიკური გაგრძელება, რომელშიც ავტორად ყოველთვის ფიზიკური პირი რჩება.

შესაბამისად, ქართლ მოდელში, ცხადია მხოლოდ ქონებრივი უფლებების (უფლებები, რომლის შედეგადაც შესაძლებელია ნაწარმოებისაგან ფინანსური სარგებლის მიღება) გადაცემაა შესაძლებელი. ავტორად ყოველთვის ის პირი დარჩება, რომელმაც უშუალოდ შექმნა ნაწარმოები. ამ შემთხვევაში დასაქმებული. განსხვავებული მოწესრიგება გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ავტორადაც დამსაქმებელი მოიაზრება.

აშშ-ის მიდგომა

3.1. კანონი: დამსაქმებელი თავად ითვლება ავტორად

აშშ-ის 1976 წლის საავტორო კანონი „დაქირავებით შექმნილ ნაწარმოებს“ ორი გზით განსაზღვრავს. პირველი გზა ეხება დასაქმებულს: ასეთ ნაწარმოებად ითვლება ნაწარმოები, რომელიც დასაქმებულმა თავისი სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში მოამზადა.[1] მეორე გზა ეხება შეკვეთით შექმნილ ნაწარმოებებს, თუმცა ის მხოლოდ ცხრა კატეგორიაზე ვრცელდება: კოლექტიური ნაწარმოების ნაწილზე, კინოფილმის ან სხვა აუდიოვიზუალური ნაწარმოების ნაწილზე, თარგმანზე, დამხმარე ნაწარმოებზე, კრებულზე, სასწავლო ტექსტზე, ტესტზე, ტესტის პასუხების მასალასა და ატლასზე.[2] ამ კატეგორიებშიც შეკვეთით შექმნილი ნაწარმოები დაქირავებით შექმნილად მხოლოდ მაშინ ითვლება, თუ მხარეები ორივე მხარის მიერ ხელმოწერილ წერილობით დოკუმენტში პირდაპირ შეთანხმდნენ, რომ ნაწარმოები ასეთად ჩაითვლება.[3].

ამ განსაზღვრების შედეგი ქართულისგან პრინციპულად განსხვავდება. ზოგადი წესით, საავტორო უფლება თავდაპირველად ნაწარმოების ავტორს ან ავტორებს ეკუთვნის, თუმცა დაქირავებით შექმნილი ნაწარმოების შემთხვევაში, კანონის თანახმად, „დამსაქმებელი ან სხვა პირი, ვისთვისაც ნაწარმოები მომზადდა, ამ კანონის მიზნებისთვის ავტორად ითვლება და, თუ მხარეები ხელმოწერილ წერილობით დოკუმენტში პირდაპირ სხვაგვარად არ შეთანხმებულან, ფლობს საავტორო უფლების შემადგენელ ყველა უფლებას“. მაშასადამე, ამერიკელი დამსაქმებელი მხოლოდ უფლებების მფლობელი კი არ არის, არამედ სამართლებრივად თავად ავტორია. მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებით შეცვალონ, ვის ეკუთვნის უფლებები, მაგრამ კანონის ტექსტი არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, შეცვალონ ის, თუ ვინ ითვლება ავტორად.

რიდის საქმე (1989): ვინ არის დასაქმებული

ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 1989 წლის საქმეა „არაძალადობრივი შემოქმედების საზოგადოება რიდის წინააღმდეგ“, რომელიც სასამართლომ ერთხმად, მოსამართლე მარშალის მიერ დაწერილი გადაწყვეტილებით გადაწყვიტა. საქმის ფაქტები მარტივი იყო. ორგანიზაციამ მოქანდაკე რიდს ქანდაკება შეუკვეთა, ხოლო შეთანხმების თანახმად, პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდა 15 000 დოლარს, რიდის მომსახურების გარეშე, რომლის უსასყიდლოდ გაწევაც მან თავად შესთავაზა. დავა ქანდაკების საავტორო უფლებაზე წარმოიშვა, ხოლო მთავარი კითხვა ის იყო, იყო თუ არა რიდი კანონის მნიშვნელობით „დასაქმებული". სასამართლომ ამოსავალ წერტილად აიღო ის ფაქტი, რომ კანონი არსად განმარტავს ტერმინებს „დასაქმებული“ და „სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლები.

ამიტომ მან დაასკვნა, რომ კონგრესი გულისხმობდა „ბატონისა და მსახურის“ ჩვეულებრივ ურთიერთობას, როგორც ის საერთო სამართლის დოქტრინაშია გაგებული. ამავე დროს, სასამართლომ უარყო ორი ალტერნატიული ტესტი, რომლებსაც ქვედა ინსტანციის სასამართლოები იყენებდნენ: ერთი დამკვეთის მიერ პროდუქტის კონტროლის უფლებას ეფუძნებოდა, მეორე კი ფაქტობრივ კონტროლს. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა მიდგომა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულად მხოლოდ ფორმალურად დასაქმებული, დასაქმებული, რომელიც ხელფასს იღებს. სასამართლომ ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაინტერესებული მხარეები და კონგრესი ყოველთვის ცალ-ცალკე განიხილავდნენ დასაქმებულთა ნაწარმოებებსა და დამოუკიდებელი შემსრულებლების მიერ შეკვეთით შექმნილ ნაწარმოებებს. ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმას, რომ დამსაქმებელს ჰქონდა საშუალება გაეკონტროლებინა დასაქმებული და მასზე მეთვალყურეობა გაეწია.

წაიკითხეთ მეტი ამ თემაზე

როგორ ვიპოვოთ გერმანულენოვანი ადვოკატი საქართველოში

გერმანულენოვანი ადვოკატი საქართველოში: legal.ge-ზე გერმანულად ხუთი ვერიფიცირებული სპეციალისტი მუშაობს, ოთხი მათგანი თბილისში. მისწერეთ რამდენიმეს ერთი კითხვით.

როგორ ვიპოვოთ თურქულენოვანი ადვოკატი საქართველოში

თურქულენოვანი ადვოკატი საქართველოში: legal.ge-ზე თურქულად მომუშავე ვერიფიცირებულ სპეციალისტებს თბილისსა და ბათუმში იპოვით. მიუთითეთ ენა კითხვაში.

როგორ ვიპოვოთ შრომის სამართლის ადვოკატი საქართველოში

სამსახურიდან გათავისუფლება, შრომითი ხელშეკრულება ან დავა დამსაქმებელთან? legal.ge-ზე საქმე რამდენიმე ვერიფიცირებულ შრომის ადვოკატს ერთდროულად გაუგზავნეთ.

როგორ ვიპოვოთ ადვოკატი რუსთავში

როგორ ვიპოვოთ ადვოკატი რუსთავში: legal.ge-ზე რუსთავში 15 ვერიფიცირებული სპეციალისტი მუშაობს, ყველა მათგანი თბილისშიც. გაფილტრეთ სფეროთი ან ჰკითხეთ რამდენიმეს.