საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−9 1 და 9 3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: ა) განაწილებული მოგება; ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის; გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა; დ) ამ კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.
2. ორგანიზაციის, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: ა) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან ან/და არ გამომდინარეობს ამ ორგანიზაციის საქმიანობის მიზნიდან (მათ შორის, არ არის დაკავშირებული საქველმოქმედო საქმიანობასთან ან არ გამომდინარეობს გრანტის ხელშეკრულების მიზნიდან); ბ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა, თუ ეს არ გამომდინარეობს ამ ორგანიზაციის საქმიანობის მიზნიდან; გ) ამ კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.
3. არარეზიდენტი საწარმოს, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მისი მუდმივი დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე, ამ არარეზიდენტი საწარმოს ან მუდმივი დაწესებულების მიერ განხორციელებული განაცემი/გაწეული ხარჯი, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით.
4. არარეზიდენტი საწარმოს მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, ამ კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. არარეზიდენტი საწარმოს, რომელიც ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით იღებს ისეთ შემოსავალს, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მისი მუდმივი დაწესებულების საქმიანობასთან, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვების თანხებს შორის.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება: ა) რეზიდენტი იურიდიული პირის ჩვეულებრივი აქციების ან პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; ბ) ამ კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილით გათვალისწინებული აქტივების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; გ) ამ კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ან „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; დ) სხვა ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი.
7. ამ კოდექსის 98 1 −98 4 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
8. კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის სხვაობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: ა) პირისათვის, რომელიც მოგებას იღებს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „არსებული ხელშეკრულებებიდან“ გამომდინარე, ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად, ამ მოგების ნაწილში; ბ) „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილისათვის, ამ პროექტის ფარგლებში მიღებული მოგების ნაწილში; გ) „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთკავკასიური მილსადენის სისტემის საშუალებით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხრეთკავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილისათვის, ამ პროექტის ფარგლებში მიღებული მოგების ნაწილში.
9. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში აღნიშნული საქმიანობის ნაწილში პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული მოგებისა). 9 1 . სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში აღნიშნული საქმიანობის ნაწილში პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა. 9 2 . ამ მუხლის მე-9, 9 1 და 9 3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმავე ნაწილებით გათვალისწინებული საქმიანობებიდან მიღებული მოგების თანხის იდენტიფიცირებისთვის მიიჩნევა, რომ პირის მიერ დივიდენდის განაწილებისას, პირველ რიგში, ეს თანხა გაიცემა. 9 3 . უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შემთხვევაში აღნიშნული საქმიანობის ნაწილში პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.
10. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილების მიზნებისათვის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება იმავე ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფის შედეგად.
11. არარეზიდენტ საწარმოს, რომელიც ქონების იჯარისთვის/ გაქირავებისთვის ანაზღაურებას იღებს პირისგან, რომელიც არ არის ამ კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტი, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვების თანხებს შორის.
12. საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საგადასახადო კოდექსი