1.ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, პროკურორის გადაწყვეტილებით, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის ან დასრულების შემდეგ, თუ მას არა აქვს ღირებულება გამოძიებისათვის. ასევე დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს იმ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარდა და, მიუხედავად სასამართლოს მიერ მისი კანონიერად ცნობისა, ბრალდების მხარემ ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით არ წარუდგინა ის მტკიცებულებად საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს. დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული ის მასალაც, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი ან სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად უნდა განადგურდეს.
2.ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, რომელსაც სასამართლო დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობს, განადგურდება საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე განაჩენის გამოტანიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ეს მასალა განადგურებამდე სასამართლოს სპეციალურ საცავში ინახება. დაუშვებელია ვინმეს მიერ აღნიშნული მასალის გაცნობა, ასლის გადაღება და გამოყენება, გარდა მისი მხარეთა მიერ საპროცესო უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებისა.
3.ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, რომელიც საქმეს ნივთიერ მტკიცებულებად დაერთვის, ამ კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეინახება სასამართლოში ამ სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული მასალა დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.
4.ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის სათანადოდ დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სასამართლოს ადმინისტრაციას, სადაც განადგურებამდე ინახებოდა ეს მასალა.
5.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას ანადგურებს შესაბამისი საქმის გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი პროკურორი ან სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი ან მათი ზემდგომი პროკურორი იმ მოსამართლის/იმ სასამართლოს მოსამართლის თანდასწრებით, რომელმაც/რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ ოქმი, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით, გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრში.
6.ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალას ანადგურებს ის მოსამართლე ან იმ სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც ან რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ან გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №476 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.






