არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Статья 20. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი
1. არასრულწლოვნის საქმეს აწარმოებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი, რომელიც ვალდებულია კანონით გათვალისწინებულ სხვა საბუთებთან ერთად წარმოადგინოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მისი სპეციალიზაციის დამადასტურებელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი.
2. იურიდიული დახმარების სამსახურში ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანს პირველი მოთხოვნისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს იურიდიული დახმარებით.
