საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 58. გამომძიებლის სტატუსი
1. გამომძიებელი არის სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია აწარმოოს სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარი გამოძიება.
2. წინასწარი გამოძიების წარმოებისას ყველა გადაწყვეტილებას გამოძიების მიმართულების, საგამოძიებო ვერსიათა წამოყენებისა და შემოწმების, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ გამომძიებელი იღებს დამოუკიდებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონით გათვალისწინებულია მოსამართლის ბრძანება ან პროკურორის თანხმობა, და პასუხს აგებს მათი სრულად და დროულად ჩატარებისათვის.
3. გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, გამოავლინოს ბრალდებულის მამხილებელი და გამამართლებელი გარემოებები, აგრეთვე ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი თუ შემამსუბუქებელი გარემოებები.
4. გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს პროკურორის წერილობითი მითითებები. თუკი გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებებს ბრალდების მოცულობის, ქმედების კვალიფიკაციის, საგამოძიებო ვერსიების, შემოწმების, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ, მას უფლება აქვს საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს, რომელიც აუქმებს ქვემდგომი პროკურორის მითითებებს ან გამოძიებას სხვა გამომძიებელს ავალებს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხებზე საბოლოოა.
