საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 140. დღგ - ისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
2. პირის მიერ დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შევსების დადგენილი წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია დღგ-ის თანხის შემცირება ან ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაზრდა, – იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული ან ჩასათვლელად გაზრდილი დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
3. საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მყიდველის მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუცემლობა, – იწვევს პირის დაჯარიმებას დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
4. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არასრული შევსება (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ შესაბამის ველში ჩასაწერი ინფორმაცია არსებობს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ ამას საფუძვლად უდევს ფიქტიური გარიგება/უსაქონლო ოპერაცია ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
