1.ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ პირს, რომელიც უშუალოდ არის ჩართული საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში, უნდა ჰქონდეს საჯარო შესყიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი (შემდგომ ამ მუხლში – სერტიფიკატი).
2.სერტიფიკატს სერტიფიცირების საფუძველზე გასცემს სააგენტო. სერტიფიცირება ტარდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ელექტრონულად, წელიწადში არანაკლებ ორჯერ.
3.სერტიფიცირებაზე დაიშვება უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) მას შემსყიდველი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის სერტიფიკატი ჩამორთმეული აქვს და მისი ჩამორთმევიდან 1 წელი არ გასულა; ბ) იგი ნასამართლევია ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
4.წესდება საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირების საფასური. მისი ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ამ საფასურის ოდენობა 300 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
5.სააგენტო უფლებამოსილია სერტიფიცირების ხელშეწყობისთვის ჩაატაროს სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელი კურსი (განახორციელოს სერტიფიცირების პროგრამა). წესდება საჯარო შესყიდვის სპეციალისტების მიერ სერტიფიცირების პროგრამის გავლის საფასური. მისი ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. სერტიფიკატის ასაღებად სერტიფიცირების პროგრამის გავლა სავალდებულო არ არის.
6.სერტიფიკატი უვადოა, თუ პირი დასაქმებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თანამდებობაზე. სერტიფიკატი გაუქმდება, თუ სერტიფიკატის მფლობელი: ა) სერტიფიკატის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში არ დასაქმდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თანამდებობაზე; ბ) გათავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობიდან და მას 3 წლის განმავლობაში არ დაიკავებს; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დამნაშავედ იქნება ცნობილი ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის; დ) სისტემატურად ან უხეშად დაარღვევს შემსყიდველი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსს.
7.სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრს სააგენტო აწარმოებს.
8.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს სერტიფიკატის მფლობელის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სტრუქტურულ ერთეულში ან თანამდებობაზე დასაქმების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე მიაწოდოს მას ინფორმაცია სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლის წარმოშობის თაობაზე, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა.
9.სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს მხოლოდ ის ინფორმაცია სერტიფიკატის მფლობელის შესახებ, რომელიც აუცილებელია სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლის არსებობის დასადგენად, პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაციის ჩათვლით.
10.ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სერტიფიკატი ავტომატურად უქმდება შესაბამისი გარემოების დადგომის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურების მომენტიდან. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. სააგენტო ვალდებულია ამ გადაწყვეტილების მიღებამდე უზრუნველყოს სერტიფიკატის მფლობელის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა. სერტიფიკატის გაუქმება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.
11.სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრის წარმოების, სერტიფიცირების ჩატარებისა და სერტიფიცირების პროგრამის განხორციელების, აგრეთვე სერტიფიკატის გაცემისა და გაუქმების წესები დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
12.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებულ ფილიალზე, წარმომადგენლობაზე, შვილობილ საწარმოზე, თავდაცვის ატაშეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სააგენტოს და საქართველოს პროკურატურის საზღვარგარეთ წარმომადგენლებზე. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №780 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

