1.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: ა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრებისა); ბ) განსაზღვრავს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას; გ) განსაზღვრავს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა სპეციალიზაციას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − უზენაეს, სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლეების ვიწრო სპეციალიზაციას; დ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურას, თანამდებობათა დასახელებებს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურებსა და საშტატო ნუსხებს; დ 1 ) ადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს; ე) შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს; ე 1 ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში სტაჟირების გავლის წესს; ე 2 ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოხელეთა შეფასების წესს; ვ) განიხილავს სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალებს; ზ) კანონით გათვალისწინებული წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას; თ) ისმენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშს; ი) იღებს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი წესით მოსამართლის წახალისების შესახებ; ი 1 ) გასცემს თანხმობას მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებაზე, აგრეთვე მოსამართლის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარგებლის (გარდა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული სარგებლისა) მიღებაზე; კ) შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე; კ 1 ) (ამოღებულია - 04.03.2026, №1377) ; კ 2 ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან ირჩევს საჯარო სამსახურის საბჭოს 2 წევრს; კ 3 ) ამტკიცებს სასამართლო მედიაციის პროგრამას/პროგრამებს; კ 4 ) ამტკიცებს მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესს; კ 5 ) ახორციელებს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს; კ 6 ) უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობას და ამ მიზნით, შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებსა და მეთოდიკას, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სასამართლოში ამ კატეგორიის საქმეთა განხილვის სპეციფიკურობა; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
