1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 1 1 . საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელება საგადასახადო ორგანომ შეიძლება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
Legal map
Click a node to open
CitationRelated by meaningსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…
For information only — not legal advice.
2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში. 2 1 . ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მასში მითითებული პირის ქონებაზე ყადაღის დადების უზრუნველყოფის მიზნით, უგზავნის აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელებას.
3. საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით დასაშვებია, პირმა განკარგოს ყადაღადადებული ქონება, თუ ამონაგები თანხა სრულად იქნება მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად. თუ საგადასახადო ორგანოს თანხმობით განხორციელდა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად იქნა მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება.
4. ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
5. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.
6. ყადაღადადებული ქონების შეფასებისას შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექსპერტი ან აუდიტორი.
7. თუ არსებობს პირის მიერ ქონების გასხვისების საშიშროება, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ დაადოს ყადაღა ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს), მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება. ამ შემთხვევაში ყადაღის დადება შესაძლებელია განხორციელდეს დალუქვით. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე (გარდა საბანკო ანგარიშებისა) ყადაღის დადება და ამ მიზნით დალუქვის პროცედურების განხორციელება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ ან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში ყადაღის დადებიდან 48 საათში სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების დადასტურების შესახებ. სასამართლო ვალდებულია 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით განიხილოს აღნიშნული შუამდგომლობა და გამოიტანოს განჩინება შუამდგომლობის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ან შუამდგომლობის უარყოფის შესახებ. სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა ან მისი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის განხილვის გადადებას. თუ აღნიშნულ ვადაში საგადასახადო ორგანო ან აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოს არ წარუდგენს შუამდგომლობას ან სასამართლო არ გამოიტანს განჩინებას პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების დადასტურების შესახებ, ყადაღა გაუქმებულად ჩაითვლება, ხოლო ქონებაზე დადებული ლუქი იხსნება.
9. ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
10. საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ პირის უფლების შეზღუდვას, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან ჩარიცხული ფულადი სახსრები ყადაღის მოცულობის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ბიუჯეტში იხდის ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხებს ან იხდის სახელმწიფო ბაჟის თანხას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეზე. გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებაში მიეთითება პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და თანხის ოდენობა. 10 1 . საბანკო დაწესებულების ლიკვიდატორი, კომერციული ბანკის სპეციალური მმართველი, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ყადაღადადებული ანგარიშები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა საბანკო დაწესებულებაში, სხვა რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს. 10 2 . „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიკვიდატორი ან სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ყადაღადადებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშები უცვლელად გადაიტანოს სხვა ანგარიშის მწარმოებელთან ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ფინანსურ ინსტიტუტში.
11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უფლება არ აქვს, გახსნას საბანკო ანგარიში იმავე ან სხვა საბანკო დაწესებულებაში. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.506 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №420 6 - ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/8/734 – ვებგვერდი, 09.01.2018წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1898 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2640 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5658 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1808 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3723– ვებგვერდი, 07.12.2023წ.