1.„საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან/და საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით (შემდგომ − ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებები) განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი (შემდგომ − ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი) ვალდებულია განახორციელოს სათანადო პროცედურები აღნიშნული შეთანხმებებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად და საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი იურისდიქციის რეზიდენტი პირის ანგარიშგებისადმი დაქვემდებარებული თითოეული ფინანსური ანგარიშის თაობაზე.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება იმ კალენდარული წლის დასრულების შემდეგ, რომელსაც იგი უკავშირდება, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 30 ივნისისა.
3.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ანგარიშმგებ ფინანსურ ინსტიტუტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რისთვისაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას არანაკლებ 15 კალენდარული დღისა.
4.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიღებული ინფორმაცია გადასცეს ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებების წევრი იმ იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს, რომლებთანაც ამოქმედებულია აღნიშნული შეთანხმებები.
5.ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
6.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელოს ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი.
7.პირის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტით“ დადგენილი ვალდებულებისთვის თავის ასარიდებლად დადებული გარიგება ან განხორციელებული ქმედება მას არ ათავისუფლებს ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისგან.





