1.მიკრობანკი ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებისა და „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების შესაბამისად.
2.მიკრობანკი ვალდებულია თავის კლიენტთან/მომსახურების მომხმარებელთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და კლიენტის მიერ განხორციელებული ოპერაციის შემოწმებისას იცოდეს მისი ვინაობა, საქმიანობა და ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით ამ საქმიანობის რისკის დონე. მიკრობანკი ასევე ვალდებულია, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, განსაზღვროს თავისი კლიენტის საგადასახადო რეზიდენტობა და მოიპოვოს ინფორმაცია პირის შესაბამისი სტატუსის შესახებ.
3.საქართველოში მოქმედი მიკრობანკი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს სხვა, დამატებითი ინფორმაცია და მოითხოვოს მისი წარდგენა.
4.საქართველოში მოქმედი მიკრობანკი უფლებამოსილია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე. მიკრობანკი ვალდებულია თავის კლიენტს გაუხსნას „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 20 2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საგადახდო ანგარიში, თუ ამ ვალდებულების შესრულება არ იწვევს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევას.
5.მიკრობანკი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას ანგარიშის გახსნაზე ან დაუხუროს არსებული ანგარიში, თუ ეს პირი უარს აცხადებს მიკრობანკისთვის „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე.
6.მიკრობანკი, რომელიც არის „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი, ვალდებულია აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები განახორციელოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად.

