სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
Article 30. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება
1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ: ა) უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა; ბ) უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა; გ) უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირი საერთაშორისო დონეზე იძებნება.
2. პირის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკავების შემთხვევაში მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვისას აუცილებელია უცხო სახელმწიფომ წარმოადგინოს ამ კანონის 14 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
3. უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისთანავე ამის თაობაზე უნდა ეცნობოს დამკავებელი ორგანოს საქმიანობაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელ შესაბამის პროკურორს, რომელიც პირის დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის მაგისტრატ მოსამართლეს მიმართავს შუამდგომლობით პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თხოვნით.
