Article 11. პრიორიტეტი
1. სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი დგინდება შესაბამისი განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით, თუ განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის დადგენილი საფასური გადაიხდება განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.
2. პრიორიტეტი სასაქონლო ნიშანზე შეიძლება დადგინდეს პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოში პირველი განაცხადის შეტანის თარიღით (საკონვენციო პრიორიტეტი), თუ ამ თარიღიდან განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის თარიღამდე გასულია არა უმეტეს 6 თვისა.
3. პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს მიერ მოწყობილ, „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენციით განსაზღვრულ ოფიციალურ ან ოფიციალურად აღიარებულ საერთაშორისო გამოფენაზე წარდგენილ ექსპონატზე გამოყენებული სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი დგინდება ექსპონატის გამოფენაზე წარდგენის პირველი დღით (საგამოფენო პრიორიტეტი), თუ ამ დღიდან შესაბამისი განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღამდე გასულია არაუმეტეს 6 თვისა. საგამოფენო პრიორიტეტი და საკონვენციო პრიორიტეტი ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს.
