Article 13. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
1. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან 1 თვის ვადაში, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) თუ განმცხადებელი ითხოვს საკონვენციო პრიორიტეტს ან საგამოფენო პრიორიტეტს, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში; ბ) თუ მოთხოვნილია სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაცია, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება ამ კანონის 38 2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში; გ) თუ მოთხოვნილია კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში; დ) თუ განმცხადებელს გაეგზავნა შეტყობინება ექსპერტიზისთვის საჭირო დამატებითი მასალის მოთხოვნის შესახებ, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა შეჩერდება შეტყობინებაზე პასუხის მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადისა.
2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ადგენს, არის თუ არა განაცხადი გაფორმებული ამ კანონის შესაბამისად.
3. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, განმცხადებლის სახელზე გაიცემა ცნობა განაცხადის შეტანის თარიღის დადგენის შესახებ საკანცელარიო ნომრისა და შეტანილი საბუთების ჩამონათვალის მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება განაცხადის მასალის მიღებაზე დასაბუთებული უარი.
