1.სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი ორი სახისაა: ა) უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი; ბ) სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი.
2.უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრს აწარმოებს ლიცენზიის/ნებართვის გამცემი.
3.ლიცენზიის/ნებართვის გამცემს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერებისა და განახლების, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
4.უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება: ა) მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის შესახებ: სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები –ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის); სახელის, გვარის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე მონაცემები – ფიზიკური პირისათვის; ბ) მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ; გ) ლიცენზიის/ნებართვის სახე (სახეები); დ) სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი.
5.ლიცენზიის ან/და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით ნებართვის გამცემი ვალდებულია: ა) ლიცენზიის/საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის თაობაზე უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში შეტანილი მონაცემები შეტანიდან 10 დღის განმავლობაში აცნობოს სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს; ბ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერებისა და განახლების და მისი გაუქმების თაობაზე.
6.სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მიზანია შეიქმნას ლიცენზიების/საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვების გაცემის, მათში ცვლილების შეტანის, მათი მოქმედების შეჩერებისა და განახლების და მათი გაუქმების შესახებ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზა.
7.სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
8.სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში შეიტანება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, აგრეთვე აღინიშნება ლიცენზიის/საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი და შესაბამის გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა.
9.სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს ამ რეესტრის მონაცემების კვარტალური გამოქვეყნება.
10.ლიცენზიის/ნებართვის შესახებ მონაცემები სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში შეიტანება სარეგისტრაციო ჩანაწერის სახით, რაც არ გულისხმობს ლიცენზიაში/ნებართვაში რაიმე ცვლილების შეტანის შესაძლებლობას.
11.ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ლიცენზიებთან/ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია. თავი IX. პასუხისმგებლობა


