ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ
Article 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა – პირის ქმედება, კერძოდ, ზემოქმედება, ჩარევა, ხელის შეშლა ან სხვაგვარი ზეგავლენა ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში მიმდინარე განხილვების შედეგებზე ან მის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე ან კომისიის წევრის თავისუფალ და დამოუკიდებელ მსჯელობებზე ან აპარატის თანამშრომელთა საქმიანობაზე, იმ გზით, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, იმ მიზნით, რომ მიიღოს სარგებელი ან განსაკუთრებული მოპყრობა; ბ) გადაწყვეტილება – ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტი (დადგენილება, გადაწყვეტილება და ა. შ.); გ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანო – სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში; დ) დამოუკიდებლობა – როგორც ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, ისე კომისიის წევრის შესაძლებლობა, არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის გარეშე განახორციელოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება, მათ შორის, განიხილოს, გამოიკვლიოს და გადაწყვიტოს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხები; დაუშვებელია ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს ჩარევა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით; ე) კომისიის წევრი – პირი, რომელიც ამ კანონითა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით დადგენილი წესით, სათანადო აქტის საფუძველზე დანიშნულია ამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრად; ვ) ოჯახის წევრი – კომისიის წევრის მამა, დედა, მეუღლე, შვილი; ზ) პოლიტიკური ზეწოლა – არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის განხორციელება, რომელიც მოტივირებულია პოლიტიკური მოსაზრებებით, ან პირის (ან პირთა ჯგუფის) მიერ პოლიტიკური მიზნების მიღწევის სურვილით; თ) უფლებამოსილება – ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით განსაზღვრული და ამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსთვის სპეციალურად დელეგირებული უფლებები და მოვალეობები; ი) უფლებაუნარიანობა – პირის შესაძლებლობა, იქონიოს უფლებები და მოვალეობები; კ) შესაბამისი კანონი – საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ძირითად ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს; ლ) პირი – ფიზიკური პირები და ნებისმიერი ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული პირები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, სხვა სახელმწიფო ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები; მ) რეგულირება – შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღება, ლიცენზიების/ნებართვების გაცემა, მონიტორინგის, კოორდინაციის, ზედამხედველობისა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ნ) მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი (საზოგადოებრივი დამცველი) – შესაბამისი მომსახურების სფეროს მომხმარებელთა ინტერესების დამცველი. საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2535 - სსმ I, № 22 , 08 . 0 8 . 200 3 წ., მუხ. 164 საქართველოს 2005 წლის 1 ივლისი ს კანონი № 1859 - სსმ I, № 38 , 15 . 0 7 . 200 5 წ., მუხ. 259 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ი ს კანონი № 4297 - სსმ I, № 1 , 03 . 0 1 . 200 7 წ., მუხ. 9 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4864 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.193 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1693 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.176 საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6969 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
