Article 3. საჯარო რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული უფლებები
სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება შემდეგი უფლებები: ა) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვება ნასყიდობის, გაცვლის, ჩუქების, სამისდღეშიო რჩენის, მემკვიდრეობის, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის, საკუთრების უფლების დადასტურების ან პრივატიზების გზით, აგრეთვე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვება; ბ) აღნაგობა, უზუფრუქტი, იპოთეკა და სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი უძრავი ნივთის იჯარისა და ქირავნობის უფლებები, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სანოტარო წესით დაუმოწმებელი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი იჯარის უფლება; გ) კანონიერ ძალაში შესული საქორწინო ხელშეკრულებით დადგენილი ქონებრივი უფლებები, რომლებიც შეეხება უძრავ ნივთს; დ) ბინის მესაკუთრეთა ან/და ამხანაგობის წევრთა შორის დადებული შეთანხმებები; ე) სამოქალაქო კოდექსის 315-ე მუხლის შესაბამისად, წინასწარი ჩანაწერის წარმოება საჯარო რეესტრში.
