1.ბანკები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საპენსიო სქემების საფუძველზე, მხოლოდ ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შექმნილი ან შეძენილი შვილობილი საწარმოს (შემდგომში – ბანკის შვილობილი კომპანია) მეშვეობით, რომელშიც ბანკი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს.
2.ბანკის შვილობილი კომპანია შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე საპენსიო სქემის დამფუძნებელი, აგრეთვე მეანაბრე თავის მუშაკთა სასარგებლოდ ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საპენსიო სქემის მიხედვით.
3.ბანკის შვილობილ კომპანიას უფლება აქვს, განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა იმ საპენსიო სქემის გამოყენებით, სადაც განსაზღვრულია შენატანების ოდენობა.
4.სათავო საწარმოს (სათავო ორგანიზაციას) და მასთან აფილირებულ პირებს უფლება აქვთ, იყვნენ ბანკის შვილობილი კომპანიის მეანაბრეები.
5.საპენსიო დანაგროვის მართვა შეიძლება განახორციელოს დამფუძნებელმა ბანკის შვილობილმა კომპანიამ ან აქტივების მმართველმა კომპანიამ.
6.ბანკის შვილობილ კომპანიას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად განახორციელოს საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივების მართვა; ამასთანავე, იგი ვალდებულია ისარგებლოს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით.
7.აკრძალულია საპენსიო დანაგროვის ინვესტირება ბანკის შვილობილი კომპანიის – საპენსიო სქემის დამფუძნებლის, სათავო საწარმოს (სათავო ორგანიზაციის), სათავო საწარმოს დამფუძნებლების ან მათთან აფილირებული პირების აქტივებში, აგრეთვე დამსაქმებელთა იმ აქტივებში, რომლებიც ითვლებიან ამ ბანკის შვილობილი კომპანიის მიერ დაფუძნებული საპენსიო სქემების მეანაბრეებად.
8.საპენსიო დანაგროვის ინვესტირებისას ბანკების შვილობილმა კომპანიებმა უნდა დაიცვან ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით საპენსიო დანაგროვის ინვესტირების მიმართ დაწესებული შეზღუდვები. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.174 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I, №19, 13.04.2010წ., მუხ.107






