1.საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან მისი შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ .
2.უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან შეუძლია იშვილოს რეესტრში აღრიცხვაზე მყოფი, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონე პირი, რომელიც რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 8 თვეში ვერ აიყვანა შვილად საქართველოს მოქალაქემ. ამ შემთხვევაში სააგენტო ატარებს კვლევას, რომლის საფუძველზე მომზადებულ დასკვნაშიც უნდა აღინიშნოს მიზეზები, რომელთა გამოც საქართველოში ვერ მოინახა ამ ბავშვისათვის მშვილებელი. ჩატარებული კვლევის საფუძველზე სააგენტო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით იწყებს მისი უცხო ქვეყანაში გაშვილების პროცედურას.
3.ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადა შეამციროს სასამართლომ.
4.საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გასაშვილებლად სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.
5.საერთაშორისო გაშვილების საკითხებში კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად უკავშირდება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ანალოგიურ სამსახურებს და ცვლის მათთან ინფორმაციას.
6.თუ რომელიმე უცხო ქვეყანა არ არის ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე ან/და მისი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანო, მაშინ მინისტრი ამტკიცებს მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოსთან (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებულ ან/და აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციასთან) დასადები სპეციალური ხელშეკრულების ფორმას. სააგენტოს მიერ მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის, „ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ“ გაეროს კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნებს.
7.უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა შეიძლება, თუ მშვილებელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აღრიცხულია რეესტრში.
8.უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანის ფაქტის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.






