საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
For information only — not legal advice.
1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ უფლების მფლობელების ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის, აგრეთვე მათ მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების და „საქპატენტის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს „საქპატენტი“.
2. „საქპატენტი“ უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით აღნიშნული ორგანიზაციისგან ნებისმიერ დროს გამოითხოვოს მისი საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერ ინფორმაციას ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებით, მათ შორის, ამ ორგანიზაციის მიერ განაწილებული ჰონორარის რაოდენობისა და განაწილების პრინციპის, უფლებების სამართავად დაკავებული თანხის ოდენობისა და ორგანიზაციის ზოგადი ფინანსური მდგომარეობის თაობაზე.
3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის ამ კანონთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით „საქპატენტი“ უფლებამოსილია ჩაატაროს მოკვლევა როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოკვლევის შედეგად დგება ანგარიში. „საქპატენტის“ მიერ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი სიმძიმიდან გამომდინარე, „საქპატენტი“ უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაცია და შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის განსაზღვროს გონივრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა. „საქპატენტის“ გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში ეგზავნება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას და ქვეყნდება ამ ორგანიზაციის ვებგვერდსა და „საქპატენტის“ ვებგვერდზე.
5. „საქპატენტის“ მიერ მოკვლევის ჩატარებისას დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს.
6. „საქპატენტი“ უფლებამოსილია მოკვლევის შედეგების საფუძველზე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები მიიწვიოს ზეპირ განხილვაზე.
7. თუ „საქპატენტის“ მიერ მოკვლევის ჩატარებისას გამოვლინდა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მიერ ამ კანონის 66 15 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, „საქპატენტი“ უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას მოსთხოვოს, 1 თვის ვადაში მოიწვიოს საერთო კრება, რომელზედაც განხილული იქნება ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
8. „საქპატენტი“ უფლებამოსილია მიიღოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირებისთვის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ამ ხელმძღვანელი პირების მიერ ამ კანონის 66 15 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტების არსებობის შემთხვევაში. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.
Closest in meaning — including in other laws
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ