საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Article 66. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები
1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლების მფლობელების სახელით და მათ მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ან ამ კანონის საფუძველზე: ა) მოსარგებლეებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ჰონორარის ოდენობისა და ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების პირობების შესახებ; ბ) მოსარგებლეებზე გასცემს ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების ლიცენზიებს მისი უფლებების მართვის მანდატის ფარგლებში; გ) აგროვებს ჰონორარებს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემული ლიცენზიების ან მის მიერ მართული უფლებების გამოყენების საფუძველზე; დ) შეგროვებულ ჰონორარებს დროულად ანაწილებს და უხდის უფლების მფლობელებს თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით, აგრეთვე შესაბამისი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის ფაქტობრივი გამოყენების პროპორციულად; ე) სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმოადგენს იმ უფლების მფლობელების ინტერესებს, რომელთა უფლებებსაც იგი მართავს, აგრეთვე ახორციელებს ყველა იმ სამართლებრივ ქმედებას, რომლებიც აუცილებელია უფლების მფლობელების უფლებების დასაცავად და აღსასრულებლად; ვ) უფლების მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად ახორციელებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ნებისმიერ სხვა საქმიანობას; ზ) წარმოადგენს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის არაწევრ უფლების მფლობელებს და აგროვებს მათთვის განკუთვნილ ჰონორარს (მათ შორის, მუსიკალური ნაწარმოების ტექსტით ან ტექსტის გარეშე რეპროდუცირების, საჯარო შესრულების ან/და საჯარო გადაცემის შემთხვევაში) ამ კანონით დადგენილი წესით.
