საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Article 34^1. ინციდენტების შეტყობინება
1. მნიშვნელოვანი საოპერაციო ან/და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტის არსებობის შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
2. თუ ინციდენტს ჰქონდა ან/და შესაძლოა ჰქონდეს გავლენა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მომხმარებლების ფინანსურ ინტერესებზე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე შეატყობინოს თავის მომხმარებლებს აღნიშნული ინციდენტისა და ამ ინციდენტის უარყოფითი შედეგების შესამცირებლად მათ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეტყობინების მიღების შემდგომ საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საფინანსო სისტემის უსაფრთხოების დასაცავად.
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით მიაწოდოს მას გადახდის სხვადასხვა საშუალებასთან დაკავშირებით თაღლითური ქმედებების შესახებ სტატისტიკური და სხვა მონაცემები. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.
