1.აკრძალულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება იმ ამოცანის მისაღწევად, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით.
2.პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ მის მიმართ განხორციელებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას მოჰყვა მისი უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა, შეუძლია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერება გაასაჩივროს შესაბამის ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში, პროკურორთან ან სასამართლოში. განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერების მტკიცების ტვირთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოს ეკისრება.
3.ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს (საჯარო მოსამსახურეებს) ეკრძალებათ ფარული მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში. აკრძალულია ფარული მონაწილეობა ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში, თუ ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ანდა თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობა.
4.ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია , რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას , მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი პირადი ცხოვრების შესახებ , არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით . ასეთი ინფორმაციის შენახვა დაუშვებელია და იგი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს . აღნიშნული ინფორმაციის განადგურების შესახებ ეცნობება საქართველოს გენერალურ პროკურორს და სასამართლოს , რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განხორციელდა ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიება , ან სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით . 4 1 . ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. ამ მასალას ანადგურებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარმდგენი პროკურორი შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით. აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ დგება ოქმი და იგი დასტურდება შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით. ეს ოქმი გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრში.
5.ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს (საჯარო მოსამსახურის) მიერ ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №289-სსმI, №18, 15.05.2000წ., მუხ.46 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198 საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი №663 – ვებგვერდი, 24.06.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №478 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3282 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 -ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4596 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6980-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1317 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1312– ვებგვერდი, 23.12.2025წ. თავი II ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება






