საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 143^9. ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შეტყობინება
1. ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებამდე ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ გამომძიებელს, პროკურორს და მოსამართლეს (თუ ეს ინფორმაცია არსებითად უკავშირდება მათ მიერ განსახილველ საკითხს).
2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია დაცვის მხარეს მიეწოდება ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აგრეთვე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას.
3. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის შინაარსისა და აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს პირს, რომლის მიმართაც ჩატარდა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება. ამ პირს ასეთი ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად გადაეცემა მოსამართლის განჩინება მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, აგრეთვე ის მასალა, რომლის საფუძველზედაც მიიღო მოსამართლემ ამგვარი გადაწყვეტილება, და განემარტება აღნიშნული განჩინების ამ კოდექსის 143 3 მუხლის მე-15 ნაწილით დადგენილი წესით გასაჩივრების უფლება. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როდის ეცნობოს პირს მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ და გადაეცეს შესაბამისი განჩინება და მასალა, სამართალწარმოების ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც სამართალწარმოების მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ, იღებს პროკურორი.
