საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
Article 30. გასწრება, შემხვედრის გვერდის აქცევა
1. გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, თავისუფალია გასწრებისათვის საკმაო მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არ შეუქმნის საპირისპიროდ და ამ ზოლზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს; ბ) ამავე ზოლზე უკან მომავალმა სატრანსპორტო საშუალებამ არ მისცა გასწრების, მარცხნივ მოხვევის (გადაჯგუფების) სიგნალი; გ) გასწრების დამთავრებისას გასასწრები სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შეუქმნელად შეძლებს ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებას.
2. ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომლის მძღოლმაც მისცა მარცხნივ მოხვევის სიგნალი და შეუდგა ამ მანევრის შესრულებას, წარმოებს მარჯვენა მხრიდან.
3. გასასწრები სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ხელი შეუშალოს გასწრებას მოძრაობის სიჩქარის მომატებით ან სხვა მოქმედებით.
4. გასწრების დამთავრებისას (ნებადართული მარჯვნიდან გასწრების გარდა) მძღოლი ვალდებულია დაბრუნდეს ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე. მოცემული მიმართულებით ორი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობის შემთხვევაში გამსწრებ მძღოლს შეუძლია დარჩეს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მარცხენა ზოლზე, თუ ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებისთანავე მას მოუხდება ახალი გასწრების დაწყება და თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას მის უკან უფრო მეტი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
