1.საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის განსაზღვრა; ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მონიტორინგის განხორციელება; გ) ამ კანონის ფარგლებში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება; დ) არაგადამდები დაავადებების სფეროში პოლიტიკის განსაზღვრა და მონიტორინგის უზრუნველყოფა; ე) ბიოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა; ვ) ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრა; ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოლიტიკის განსაზღვრა; თ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცება; ი) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.
2.სამინისტრო განსაზღვრავს: ა) იმ გადამდები დაავადებების ჩამონათვალს, რომელთა მატარებლობაზე ეჭვის შემთხვევაში ეპიდჩვენების დროს ფიზიკური პირი ვალდებულია ჩაიტაროს სათანადო სამედიცინო შემოწმება; ბ) შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ნორმებს; გ) გადამდები დაავადებების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელების პრევენციის, მართვისა და აღკვეთის ღონისძიებებსა და მეთოდებს.
3.საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) ნორმატიული აქტით სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების წესების განსაზღვრა; ბ) გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დადგენა; გ) იმ ქიმიური ნივთიერებების ნუსხის დადგენა, რომელთა გამოყენებაც დაუშვებელია საყოფაცხოვრებო, პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის, სინთეზური ნედლეულისა და მასალების წარმოებაში; დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით სპეციალიზებული (დიეტური, დიაბეტური, ფორტიფიცირებული) სურსათის, აგრეთვე ბავშვთა (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა) კვების პროდუქტების უვნებლობის ნორმებისა და ეტიკეტირების წესების დადგენა; ე) განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებისა და ნორმების, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ვ) შრომის უსაფრთხოების ნორმების დადგენა; ზ) პროფესიულ დაავადებათა ნუსხის და ამ დაავადებათა პროფილაქტიკის წესების დადგენა.






