1.უცხოელისთვის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მიცემის თაობაზე გადაწყვეტილებასა და საქართველოში დროებითი ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო.
2.უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მისი საქართველოდან გაძევების დამაბრკოლებელი ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მისი საქართველოდან გაძევება შეუძლებელია ამ კანონის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის გამო; ბ) ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოება არ შეცვლილა იმავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ; გ) მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება; დ) მის მიღებაზე თანხმობას არცერთი სახელმწიფო არ აცხადებს; ე) არსებობს ამ კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
3.უცხოელზე ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გასცემს სააგენტო.
4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე აუქმებს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას.
5.უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება ეძლევა 1 წლით და ამავე ვადით გაიცემა მასზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. ეს ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 1 წლით, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება მიეცა.
6.უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის პერიოდში, როგორც წესი, 6 თვეში ერთხელ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო შეისწავლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს. თუ უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლებით სარგებლობის პერიოდში აღმოიფხვრა მისი საქართველოდან გაძევების დამაბრკოლებელი გარემოება, უცხოელს გაუუქმდება საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება და მის მიმართ დაიწყება საქართველოდან გაძევების შესაბამისი პროცედურა.
7.უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება გაუუქმდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ან/და მან არასწორი ინფორმაცია ან/და ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, კერძოდ: ა) მან არსებითი ფაქტობრივი გარემოებები არასწორად წარმოაჩინა ან/და დამალა; ბ) გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს, რომ მას არ უნდა მისცემოდა საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება; გ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მასზე გაცემულია ბინადრობის უფლება.
8.უცხოელს უფლება აქვს, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მიღებიდან 5 წლის შემდეგ მიმართოს სააგენტოს სპეციალური ბინადრობის ნებართვის მისაღებად. უცხოელზე სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს წელიწადში ერთხელ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე.
9.თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უარს იტყვის უცხოელზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემაზე და კვლავ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხოელს გაუგრძელდება საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება.
10.უცხოელი, რომელზედაც გაიცემა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, სარგებლობს ამ კანონის 25-ე, 29-ე, 30-ე, 33-ე, 37-ე და 41-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით, აგრეთვე არაქონებრივი უფლებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.



