არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Article 73^1. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
1. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენი არასრულწლოვანი უცხოელის მიერ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფას და მისთვის საქართველოში განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვის დაწესებას. ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.
2. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაინიშნოს: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − ორიდან ექვს წლამდე ვადით; ბ) მძიმე დანაშაულისთვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის − ოთხიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.
3. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის უცხოელის საქართველოში დარჩენა.
4. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ გამოიყენება არასრულწლოვანი უცხოელის იმ სახელმწიფოში გაძევებისას, რომელშიც: ა) იგი იდევნება პოლიტიკური მრწამსისთვის ან იმ ქმედებისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება; ბ) იგი იდევნება ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისთვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისთვის; გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება; დ) მას წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ანდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხე შეექმნება.
