1.უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საქართველოში მყოფ უცხოელს მისი მოთხოვნის შემთხვევაში, კონკრეტული საქმის სათანადო გარემოებების გათვალისწინებით, მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განესაზღვრება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების გონივრული ვადა − 7 კალენდარული დღიდან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო.
2.უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას უცხოელთან გასაუბრების ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტავს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადით სარგებლობის უფლებას.
3.უცხოელის მიმალვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მას საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის განმავლობაში შეიძლება დაეკისროს შემდეგი ვალდებულება: ა) კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ან პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში; ბ) შეიტანოს სულ მცირე 3 000 ლარის ოდენობის გირაო; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დაუყოვნებლივ ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილის მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც მიუთითა მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას; ე) შესაბამის საცხოვრებელ ადგილზე 2 დღეზე მეტი ხნით არყოფნის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს; ვ) გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გარემოებების გასარკვევად ან/და კონსულტაციისთვის.
4.უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხოელს შეიძლება დაეკისროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთზე მეტი ვალდებულება.
5.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელზე გაიცემა მისი სამგზავრო დოკუმენტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის ჩაბარების შესახებ ცნობა.
6.თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელმა სამგზავრო დოკუმენტი გადამალა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს, უცხოელის საცხოვრებელი ადგილის თანამესაკუთრის ან თანამფლობელის წერილობითი თანხმობით, სამგზავრო დოკუმენტის მოსაძიებლად შეამოწმოს აღნიშნული საცხოვრებელი ადგილი.
7.უცხოელისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს, შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის თანამესაკუთრის ან თანამფლობელის წერილობითი თანხმობით შეამოწმოს, ცხოვრობს თუ არა უცხოელი მის მიერ მითითებულ საცხოვრებელ ადგილზე.
8.ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სამგზავრო დოკუმენტის მოსაძიებლად უცხოელის საცხოვრებელი ადგილის შემოწმებაზე უცხოელის მიერ უარის თქმა არის ამ კანონის 51 1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა (დარღვევა).
9.უცხოელს შეიძლება არ განესაზღვროს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა ან განესაზღვროს 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადა, თუ: ა) არსებობს მისი მიმალვის საფრთხე; ბ) მისი საქართველოდან გაძევება ხდება ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; გ) მას უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ან საერთაშორისო დაცვაზე განაცხადის დაუსაბუთებლობის გამო უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე; დ) მან ბინადრობის მოწმობის გაცემის ან საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმის წარმოების ეტაპზე მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ ყალბი ინფორმაცია ან გაყალბებული დოკუმენტები წარადგინა; ე) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია იმ უცხოელის მიმართ, რომელიც დაკავებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო და რომელსაც არ მოუპოვებია საქართველოში ყოფნის ნებართვა ან არ მიუღია საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება; ვ) მისი საქართველოდან გაძევება ხდება ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ მან განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და სააგენტოს მიმართა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ; თ) იგი ამ კანონის 51 1 მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან.
10.უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა შეიძლება შემცირდეს ან/და ამ ვადის გასვლამდე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს, თუ: ა) არსებობს უცხოელის მიმალვის საფრთხე; ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: ბ.ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; ბ.ბ) უცხოელმა განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და სააგენტოს მიმართა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ; ბ.გ) უცხოელი ამ კანონის 51 1 მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან.
11.უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით მისი საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილება.
12.თუ უცხოელი ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გირაო გამოიყენება საქართველოდან მის გაძევებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად.
13.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების შემთხვევაში უცხოელი არ თავისუფლდება საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისთვის მისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან.
14.ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევებისას იგი საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების დასადასტურებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან სასამართლოს წარუდგენს შესაბამის მტკიცებულებებს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.


