Article 13^7. შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტა
1. შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვა ან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა; ბ) თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოს საზღვრების 6 თვეზე მეტი პერიოდით დატოვება; გ) შრომითი იმიგრანტისთვის საქართველოში D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლის ან შეწყვეტის მომენტში ბინადრობის ნებართვა არ ექნება მოპოვებული; დ) შრომითი იმიგრანტისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა; ე) ამ კანონის 13 6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შრომითი იმიგრანტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად დადგენილ ვადაში განცხადების წარუდგენლობა; ვ) შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტზე D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება; ზ) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია ეგზავნება მის დამსაქმებელს, რის საფუძველზეც ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შეწყვიტოს აღნიშნულ შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ამ შეტყობინების მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სავალდებულო ინფორმაცია.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს შეწყვეტიდან 2 სამუშაო დღისა, აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მქონე უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის შესახებ პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ შეწყვეტიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, აცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
5. საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
შრომითი მიგრაციის შესახებ
