1.მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე კომერციული ბანკის, მიკრობანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორი (აქციონერი) ან სამეთვალყურეო საბჭოს ან/და დირექტორთა საბჭოს წევრი.
2.პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, თუ: ა) იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც ფინანსურ ინსტიტუტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, შელახა ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა უფლებები ან ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება გამოიწვია; ბ) იგი იყო ფინანსური ინსტიტუტის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი გადახდისუუნარო გახდა; გ) მან არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის მიმართ; დ) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის; ე) მას არ აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება.
3.მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს ეკრძალება მონაწილეობა იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიმართაც მას პირადი ინტერესი აქვს.
4.პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 4 1 . პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ინფორმაცია, რომ იგი ახორციელებს უკანონო საქმიანობას ან/და არაჯანსაღ ან/და საფრთხის შემცველ სამეწარმეო პრაქტიკას.
5.პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილი იმ ოდენობით, რომ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (ბენეფიციარი მესაკუთრეების) მონაწილეობა 10%-ს ან 50%-ს გადააჭარბებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის თაობაზე.
6.საქართველოს ეროვნული ბანკი განაცხადს განიხილავს მისი წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.
7.განაცხადის წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.
8.მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა საქართველოს ეროვნულ ბანკს განაცხადი არ წარუდგინა ან საქართველოს ეროვნული ბანკისაგან დასაბუთებული უარი მიიღო, მაგრამ მაინც შეიძინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილი.
9.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი №263 - ვებგვერდი, 20.03.2013წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4198 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №442 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2604 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.


