1.მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები (მათ შორის, დამოუკიდებელი წევრი) და ხელმძღვანელი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.
2.პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ: ა) ის არის ფიზიკური პირი და: ა.ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ა.ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის; ა.გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის; ა.დ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს; ა.ე) წარსულში იყო მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა; ბ) ის არის იურიდიული პირი და: ბ.ა) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის; ბ.ბ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის; ბ.გ) წარსულში იყო მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა; ბ.დ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს.
3.პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და იგი აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით გამოყვანილი უნდა იქნეს საბჭოდან, თუ: ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის; გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის; დ) წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა; ე) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს; ვ) არის მზღვეველის ხელმძღვანელ პირთან ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან მზღვეველის ხელმძღვანელ პირთან საქმიანი/კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი; ზ) არის საქართველოში რეგისტრირებული 5-ზე მეტი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელი პირი; თ) არის იმავე მზღვეველის ხელმძღვანელი პირი; ი) არის სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ეს თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის/გადამზღვეველი კომპანიის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში ან/და იმ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი/გადამზღვეველი კომპანია; კ) არა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ; ლ) არა აქვს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის სულ მცირე ხუთწლიანი გამოცდილება. 3 1 . ამ კანონით გათვალისწინებული მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შესაბამისობის შეფასებისას და მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის დამოუკიდებელ წევრად მიჩნევისას სამსახური ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შესაფერისობის კრიტერიუმებთან ერთად ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ა) პირი არის მზღვეველის ადმინისტრატორთან ან იმ პირთან, რომელიც მზღვეველში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს, ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, მზღვეველის ადმინისტრატორთან ან იმ პირთან, რომელიც მზღვეველში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს, აქვს სხვა სახის მატერიალური, საქმიანი ურთიერთობა ან ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას; ბ) პირს აქვს რაიმე სახის მატერიალური (მათ შორის, ფინანსური) ვალდებულება მზღვეველის, მისი ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის წინაშე ან სხვა სახის მატერიალური (მათ შორის, ფინანსური) ინტერესი (მათ შორის, საკუთრება, ინვესტიცია); გ) პირს ბოლო 2 წლის განმავლობაში მზღვეველთან, მის ადმინისტრატორთან, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერთან შრომითი ურთიერთობა ჰქონდა; დ) პირს აქვს სხვა ისეთი პოზიცია ან სხვა ისეთი სახის კავშირი, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს მის დამოუკიდებლობაზე.
4.პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის ხელმძღვანელი პირი, თუ: ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის; გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის; დ) არის სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ეს თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის ან გადამზღვეველის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში ან გადამზღვეველში ან/და იმ მზღვეველში ან გადამზღვეველში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი ან გადამზღვეველი; ე) არ აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ; ვ) არ აქვს საფინანსო ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება, ამავე დროს, ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; ზ) იყო იმ სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი, რომელიც მისი საქმიანობის პერიოდში გაკოტრებულად გამოცხადდა; თ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებას უკრძალავს; ი) არის მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან საქმიანი/კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი.



