Article 171. დაბრუნებული საქონლის დაბეგვრა
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქართველოს საქონლის, რომელიც საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 კალენდარული წლის ვადაში, ხოლო საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული გადაუმუშავებელი საქონლის შემთხვევაში – გადამუშავების ვადის გასვლამდე უცვლელ მდგომარეობაში დაუბრუნდა დეკლარანტს, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჩაითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად და მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა).
2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებსა და დეკლარანტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა გააგრძელოს ერთი კალენდარული წლით.
3. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე იგი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაბრუნებული საქონელი შემოტანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცვლელ მდგომარეობაში და იმავე მიზნით.
