Article 107. დაბრუნებული საქონელი
1. თუ საქონელი ან მისი ნაწილი, რომელიც ექსპორტირებულ იქნა საქართველოდან და რომელსაც უცხოური საქონლის სტატუსი მიენიჭა, 3 წლის ვადაში დაბრუნდა საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად, დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში დაბრუნებული საქონელი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან, თუ იგი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაბრუნებისას არის იმავე მდგომარეობაში, რომელშიც იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას.
2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დეკლარანტის განცხადების საფუძველზე ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა გააგრძელოს 1 წლით.
3. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე საქონელი საქართველოში გაშვებული იყო თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივი დანიშნულებით, დაბრუნებული საქონელი ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება, თუ იგი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია უცვლელ მდგომარეობაში და იმავე მიზნობრივი დანიშნულებით.
4. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქონელი ამ კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად კარგავს საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსს და შემდეგ გაიშვება თავისუფალ მიმოქცევაში.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებით სარგებლობისთვის უნდა შესრულდეს ამავე მუხლით გათვალისწინებული პირობები. ამ პირობების შესრულება დასტურდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
