1.საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის მიწისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით. შენიშვნა:
1.უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი სამართალდამრღვევის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის ან სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.
2.დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის ან სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით მისთვის მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას.
3.ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.ამ კოდექსის მიზნებისათვის ტერმინებს „მწვანე ნარგავები“ და „გადაბელვა“ აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით – „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“ – განსაზღვრული მნიშვნელობები. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4788 – ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3230 – ვებგვერდი, 13.08.2018წ საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5961 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.



