არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Article 77. არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება
1. ამ კოდექსის 66-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, ხოლო იმავე მუხლის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელების აღსრულებას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სააგენტო.
2. არასრულწლოვნისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნისას მისი მოხდის დაწყებამდე, ამ და სხვა არასაპატიმრო სასჯელების მოხდის და პირობითი მსჯავრის მოხდის პროცესში სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში მსჯავრდებული აგრძელებს განაჩენით არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მოხდას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის შესაბამისი დებულებები.
3. არასრულწლოვნის მიერ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (მსჯავრდებულისთვის ოქმის ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).
