1.საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს: ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც შედგენილია საჩივარი; ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების დამდგენ სასამართლოზე; დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ე) მითითებას, თუ რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება, გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზები) და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი); ვ) მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება; ზ) საკასაციო საჩივარზე დართულ წერილობითი მასალების ნუსხას; თ) საკასაციო საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას. 1 1 . საკასაციო საჩივარი შეიძლება შეიცავდეს აგრეთვე მითითებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებსა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შეუსაბამობის შესახებ.
2.წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში.
3.თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
4.საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227 საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის კანონი № 259 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.




