Article 101. საჩივრის შეტანის უფლება
1. საჩივრის შეტანის საფუძველია პენიტენციურ სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებების სხვაგვარი ხელყოფა.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს წერილობითი ფორმით.
3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
4. საჩივარი შეიძლება შეიტანოს აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან ახლო ნათესავმა, თუ: ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები; ბ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი.
5. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს იგი საჩივრის შესატანად აუცილებელი რაოდენობის შესაბამისი საშუალებებით, მათ შორის, საწერი საშუალებით, ქაღალდით, კონფიდენციალური საჩივრისთვის საჭირო კონვერტით.
6. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების შეზღუდვა, აგრეთვე ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის უფლებით სარგებლობაზე უარის თქმა მის მიერ საჩივრის შეტანის გამო.
7. პენიტენციურმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის საჩივარში აღნიშნული პრობლემის ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც პენიტენციურმა დაწესებულებამ შეიძლება ადგილზე განხილვით გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოსა და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელთაც ის გაეგზავნა.
8. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება, გაეცნოს წერილობით ინფორმაციას თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლებისა და გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის თაობაზე.
9. წერა-კითხვის არმცოდნე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესაბამისი ინფორმაცია ზეპირად უნდა მიეწოდოს. უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ, რომელსაც ბრალდებული/მსჯავრდებული ხელმოწერით ადასტურებს. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
პენიტენციური კოდექსი
